ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების სულიერი და კულტურული ვიზიტი ლენტეხში
05.06.2026ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების სულიერი და კულტურული ვიზიტი ლენტეხში
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევითა და მასპინძლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საპატიო სტუმრები — ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები, სიწმინდეების მოსალოცად ეწვივნენ. სულიერი და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული ვიზიტი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება და სიწმინდეების მოლოცვა
ვიზიტის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, სოფელ ფაყის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა, რომელსაც ადგილობრივ მრევლთან ერთად ჭყონდიდელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
მეუფე სტეფანეს წინამძღოლოგით, დელეგაციამ მოილოცა ეპარქიის უმნიშვნელოვანესი სულიერი კერები, მათ შორის სკალდის მთავარანგელოზის მამათა მონასტერი და ხელედის წმინდა კეთილმსახური დედოფალ თამარის სახელობის დედათა მონასტერი. ამასთანავე, მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან ერთად თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანთან მდებარე ხეივანში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საზეიმოდ აკურთხა.
შემოქმედებითი საღამო და კულტურული მასპინძლობა
სულიერი ნაწილის დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო. კულტურის სახლის ფოიეში სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნიჭიერი ნამუშევრების გამოფენა, ხოლო დარბაზში ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მრავალფეროვანი, ტრადიციული რეპერტუარით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ეს ერთობლივი ვიზიტი და შემოქმედებითი საღამო კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი სულიერებასა და კულტურას შორის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი კუთხისა და მომავალი თაობების გაძლიერებისთვის.










